Header image  
   
  
 
 
 
 


amindi

მეტეოროლოგიური ელემენტებისა და ატმოსფერული მოვლენების მნიშვნელობათა ერთობლიობა, რომელიც არსებობს დროის განსაზღვრულ მომენტში სივრცის ამა თუ იმ წერტილში. „კლიმატის“ ცნებისგან განსხვავებით, რომელიც ეხება ატმოსფეროს საშუალო მდგომარეობას დროის ხანგრძლივ მონაკვეთში, „ამინდის“ ცნება განეკუთვნება ატმოსფეროს მიმდინარე მდგომარეობას. თუ არ იქნება დაზუსტებული, ტერმინში „ამინდი“ მოიაზრება ამინდი დედამიწაზე. მოვლენები, რომლებიც ამინდის ცნებაში ერთიანდება, მიმდინარეობს ტროპოსფეროში (ატმოსფეროს ქვედა ნაწილში) და ჰიდროსფეროში. ამინდის აღწერა შესაძლებელია წნევით, ტემპერატურით და ჰაერის ტენიანობით, ქარის ძალით და მიმართულებით, ატმოსფერული ნალექებით, ხილვადობის მანძილით, ატმოსფერული მოვლენებით (ნისლი, ქარბუქი, ჭექა-ქუხილი) და სხვა მეტეოროლოგიური ელემენტებით.

ამინდი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, რომლებიც, შესაძლოა, ძალიან საგრძნობი იყოს არა მარტო დღიდან დღემდე, არამედ რამდენიმე წუთის განმავლობაშიც კი. არსებობს ამინდის პერიოდული და არაპერიოდული ცვლილებები. პერიოდულია ცვლილებები, რომლებსაც პერიოდული ხასიათი აქვს, რადგან დაკავშირებულია დედამიწის ბრუნვასთან საკუთარი ღერძის გარშემო (დღეღამური ცვლილებები) ან მზის გარშემო (წლიური ცვლილებები). დღეღამური ცვლილებები ყველაზე შესამჩნევია უშუალოდ დედამიწის ზედაპირთან, რადგან ისინი დაკავშირებულია დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის ცვლასთან, ხოლო სხვა მეტეოროლოგიური ელემენტები განპირობებულია ჰაერის ტემპერატურის ცვლით. წლიური ცვლილებები გამოიხატება წელიწადის დროთა ცვლილებაში. არაპერიოდული ცვლილებები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა ტროპიკულ განედებში, განპირობებულია ჰაერის მასების გადატანით. პერიოდული ცვლილებების ფაზების აცდენა არაპერიოდული ცვლილებების ხასიათთან იწვევს ამინდის ყველაზე მკვეთრ ცვლილებებს. დედამიწის ერთი ადგილიდან სხვა ადგილებში გადაადგილებულ ჰაერის მასებს თან მოაქვთ მათთვის ჩვეული ამინდის მახასიათებლები, რომლებიც განსხვავდება მოცემულ რაიონში ადრე არსებულისგან, იცვლება აღნიშნულ ადგილას იმისდა შესაბამისად, თუ საიდან მოვიდა ჰაერის ახალი მასა და, აქედან გამომდინარე, რა თვისებები აქვს მას. სიმაღლის მატებასთან ერთად ამინდის არაპერიოდული ცვლილებების ინტენსივობა, ზოგადად, მცირდება. ავიაციისთვის მნიშვნელოვანია ქარის მკვეთრად გაძლიერებისა და ტურბულენტობის გათვალისწინება, რომლებიც ნაკადურ დინებებთან არის დაკავშირებული.

mizezebi

დედამიწაზე ამინდის ყოველდღიური მოვლენებია ქარი, ღრუბლები, ატმოსფერული ნალექები (წვიმა, თოვლი, სეტყვა და ა. შ.), ნისლი, ჭექა-ქუხილი, მტვრის გრიგალი და ქარბუქი. უფრო იშვიათი მოვლენები მოიცავს სტიქიურ უბედურებებს, როგორებიც არის ტორნადო და ქარიშხალი. ამინდის თითქმის ყველა მოვლენა ტროპოსფეროში (ატმოსფეროს ქვედა ნაწილში) ხდება. ჰაერის მასების ფიზიკურ თვისებებს შორის განსხვავებები წარმოიქმნება მზის სხივების დაცემის კუთხის ცვლილების გამო, რომელიც დამოკიდებულია განედზე და რეგიონის დაშორებაზე ოკეანეებიდან. მკვეთრი განსხვავება არქტიკული და ტროპიკული ჰაერის ტემპერატურებს შორის წარმოადგენს მაღლივი ნაკადური დინებების წარმოქმნის მიზეზს. ისეთი ბარომეტრული წარმონაქმნები საშუალო განედებზე, როგორიცაა ტროპიკებსგარე ციკლონები, როგორც წესი, წარმოიქმნება მაღლივ ნაკადურ დინებებში პლანეტარული ტალღების განვითარების შედეგად. ეს წარმონაქმნები, რომლებიც ძირითად გავლენას ახდენენ ამინდის ცვლილებაზე, ნაკადური დინებების არამდგრადობის შედეგად (ე. წ. ინდექსის ციკლი) სერიებად მიმდინარეობს. რამდენადაც დედამიწის ბრუნვის ღერძი დახრილია მისი ორბიტის მიმართ, მზის სხივების დაცემის კუთხე დამოკიდებულია წელიწადის დროზე. საშუალოდ დედამიწის ზედაპირზე წელიწადის განმავლობაში ტემპერატურა იცვლება ±40°C ფარგლებში. დედამიწის ორბიტის პარამეტრების, ღერძის დახრის კუთხისა და ბრუნვის სიჩქარის ცვლილება ზეგავლენას ახდენს პლანეტაზე მზის ენერგიის რაოდენობასა და განაწილებაზე და კლიმატის გრძელვადიანი ცვლილებების ძირითად მიზეზად გვევლინება.

ტემპერატურათა სხვაობა ზედაპირზე, თავის მხრივ, იწვევს სხვაობას ატმოსფერული წნევის ველში. ცხელი ზედაპირი აცხელებს ის ზემოთ არსებულ ჰაერს და აფართოებს მას, ჰაერის წნევისა და სიმკვრივის შემცირებით. წნევის ჰორიზონტალური გრადიენტი, მოქმედებს რა ცენტრიდანულ ძალასთან და დედამიწის ბრუნვასთან დაკავშირებულ კორიოლისის ძალასთან ერთად ქმნის ქარს, რომელიც თავისუფალ ატმოსფეროში ერთნაირი წნევის ხაზის – იზობარის გასწვრივ არის მიმართული. ატმოსფერო რთული სისტემაა, ამიტომაც უმნიშვნელო ცვლილებამ მის ერთ ნაწილში შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს მთლიანად სისტემაზე. კაცობრიობის ისტორიაში მუდმივად იყო ამინდის მართვის მცდელობები. დამტკიცებულია, რომ ადამიანების ისეთმა საქმიანობებმა, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა და წარმოება, გარკვეულ ფარგლებში შესაძლოა ზემოქმედება იქონიონ ამინდზე.

naleqebis warmoqmna

ღრუბლები შედგება წყლის ძალიან წვრილი წვეთებისგან ან ყინულის კრისტალებისგან, რომლებიც იმდენად მცირეა, რომ სიმძიმის ძალის მოქმედების შედეგად მხოლოდ ნელ-ნელა ძირს ეშვებიან. როდესაც მათი ზომები იზრდება და უფრო მძიმდებიან, ისინი უფრო ჩქარა ვარდებიან და ღრუბლიდან მოდის წვიმა ან თოვლი. ნებისმიერ ღრუბელში წყლის ორთქლი გაჯერებულ მდგომარეობაშია, ანუ ღრუბლის ფარგლებში იმყოფება მოცემულ ტემპერატურაზე მაქსიმალურად შესაძლო რაოდენობის წყლის ორთქლი. ეს რომ ასე არ იყოს, წვეთები, რომლებისგანაც შედგება ღრუბელი, აორთქლდებოდა და ღრუბელი დადნებოდა. ნალექები მოდის ღრუბლებიდან, რომლებიც შედგება წყლის წვეთებისა და ყინულის კრისტალების ნარევისგან. იმის წყალობით, რომ ყინულს ახასიათებს წყლის წვეთების მიზიდვის უნარი, კრისტალები თანდათან იზრდება და წარმოიქმნება ფიფქები. ამით აიხსნება არა მარტო თოვლის, არამედ წვიმის მოსვლაც. ტროპოსფეროში, სიმაღლის ზრდასთან ერთად ჰაერის ტემპერატურა მცირდება და რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე ყოველთვის ყინვაა. ამიტომაც ზაფხულის ნებისმიერი წვიმა იწყება, როგორც თოვლი და მხოლოდ ქვედა, თბილ ფენებში მოხვედრისას ფიფქები დნება და წყლის წვეთებად გარდაიქმნება.

haeris masebis moZraoba

ჰაერი მუდმივად მოძრაობს, განსაკუთრებით ციკლონებისა და ანტიციკლონების მოქმედების წყალობით.

ჰაერის მასა, რომელიც მოძრაობს თბილი რაიონებიდან უფრო ცივი რაიონების მიმართულებით, იწვევს მოულოდნელ დათბობას. ამ დროს დედამიწის შედარებით ცივ ზედაპირთან შეხების გამო ჰაერის მოძრავი მასა ქვემოდან ცივდება და ამიტომ დედამიწის ზედაპირთან შეხებაში მყოფი ჰაერის ფენები შესაძლოა ზედა ფენებზე ცივიც კი აღმოჩნდეს. ქვემოდან წამოსული ჰაერის თბილი მასის გაცივება იწვევს წყლის ორთქლის კონდენსაციას ჰაერის ყველაზე ქვედა ფენებში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ღრუბლები და მოდის ნალექები. ეს ღრუბლები  დაბლა არის განლაგებული, ხშირად დედამიწამდე ეშვება და ნისლს იწვევს. ჰაერის თბილი მასების ქვედა ფენებში საკმაოდ თბილა და არ არის ყინულის კრისტალები. ამიტომ ისინი არ იძლევიან უხვ ნალექებს, მხოლოდ ზოგჯერ წამოწინწკლავს წვრილი წვიმა. ჰაერის თბილი მასების ღრუბლები თანაბრად (მაშინ მათ ფენა ღრუბლებს უწოდებენ) ან ოდნავ ტალღოვანი ფენის სახით (მაშინ მათ  ფენა-გროვის ღრუბლებს უწოდებენ) ფარავენ მთელ ცას.

ჰაერის ცივი მასა მოძრაობს ცივი რაიონებიდან უფრო თბილი რაიონებისკენ და აცივებას იწვევს. დედამიწის შედარებით თბილ ზედაპირზე გადაადგილებისას მუდმივად თბება ქვემოდან. გათბობისას არა მარტო კონდენსაცია არ მიმდინარეობს, არამედ უკვე არსებული ღრუბლები და ნისლიც უნდა აორთქლდეს, მაგრამ, ამის მიუხედავად ცა მაინც არ ხდება უღრუბლო, თუმცა ღრუბლები სხვა მიზეზის გამო წარმოიქმნება. გათბობისას ყველა სხეული თბება და მათი სიმკვრივე მცირდება, ამიტომ, როდესაც ჰაერის ყველაზე ქვედა ფენა თბება და ფართოვდება, ის უფრო მსუბუქი ხდება და, თითქოსდა მიცურავს ზემოთ ცალკეული ბუშტულების ან ჭავლის სახით და მის ადგილზე ეშვება უფრო მძიმე, ცივი ჰაერი. ჰაერი, ისევე, როგორც ნებისმიერი აირი, შეკუმშვის დროს თბება, ხოლო გაფართოების დროს ცივდება. სიმაღლის ზრდასთან ერთად მცირდება ატმოსფერული წნევა, ამიტომ ჰაერი ასვლის დროს ფართოვდება და ცივდება 1 გრადუსით ყოველ 100 მ სიმაღლეზე ასვლისას. შედეგად, გარკვეულ სიმაღლეზე მასში იწყება კონდენსაცია და ღრუბლების წარმოქმნა. ჰაერის დაღმავალი ნაკადები შეკუმშვისგან თბება და მათში არა მარტო კონდენსაცია არ წარმოებს, არამედ მოხვედრილი ღრუბლის ნარჩენების კი ორთქლდება. ამიტომ ჰაერის ცივი მასების ღრუბლები წარმოგვიდგება სიმაღლეში ერთმანეთზე დახვავებული ბოლქვების სახით, გამონათებებით მათ შორის. ასეთ ღრუბლებს გროვა-ღრუბლებს ან გროვა-წვიმის ღრუბლებს ეძახიან. ისინი არასდროს ეშვება დედამიწამდე, არ გარდაიქმნება ნისლად და, როგორც წესი მთლიანად არ ფარავს ხილული ცის თაღს. ასეთ ღრუბლებში ჰაერის აღმავალ ნაკადებს თან მიაქვთ წყლის წვეთები იმ ფენებში, სადაც ყოველთვის არის ყინულის კრისტალები. ამ დროს ღრუბელი კარგავს მისთვის დამახასიათებელ, „ყვავილოვანი კომბოსტოს“ ფორმას და გროვა-წვიმის ღრუბლად გადაიქცევა. ამ მომენტიდან ღრუბლიდან მოდის ძლიერი, მაგრამ ხანმოკლე ნალექები, რაც განპირობებულია ღრუბლების მცირე ზომებით. ამიტომ ჰაერის ცივი მასების ამინდი ძალიან ცვალებადია.

atmosferuli fronti

ჰაერის განსხვავებული მასების შეხების საზღვარს ატმოსფერული ფრონტი ეწოდება. სინოპტიკურ რუკებზე ეს საზღვარი წარმოადგენს ხაზს, რომელსაც მეტეოროლოგები „ფრონტის ხაზს“ უწოდებენ. საზღვარი ჰაერის თბილ და ცივ ფენებს შორის თითქმის ჰორიზონტალურ ზედაპირს წარმოადგენს, რომელიც შეუმჩნევლად ეშვება ფრონტის ხაზამდე. ცივი ჰაერი ამ ზედაპირის ქვემოთ არის, თბილი კი ზემოთ. რამდენადაც ჰაერის მასები მუდმივ მოძრაობაშია, მათ შორის საზღვარის მუდმივად გადანაცვლდება. საინტერესო თავისებურებაა ის, რომ დაბალი წნევის არის ცენტრზე აუცილებლად გადის ფრონტის ხაზი, ხოლო მაღალი წნევის არეების ცენტრებზე ფრონტი არასდროს არ გადის.

თბილი ფრონტი წარმოიქმნება ჰაერის თბილი მასების წინსვლისა და ცივი მასების უკან დახევის დროს. თბილი ჰაერი, როგორც უფრო მსუბუქი, აცოცდება ცივს. იმის გამო, რომ ჰაერის აღმასვლა იმს გაცივებას იწვევს, ფრონტის ზედაპირის ზევით ღრუბლები წარმოიქმნება. თბილი ჰაერი ზევით საკმაოდ ნელა გადაადგილდება, ამიტომ თბილი ფრონტის ღრუბლიანობა წარმოადგენს ბუმბულის მსგავსი ფენოვანი ღრუბლებისა და მაღალ-ფენობრივი ღრუბლების თანაბრად განაწილებულ საბურველს, რომელსაც რამდენიმე ასეული მეტრის სიგანე აქვს და სიგრძით ზოგჯერ ათას კილომეტრსაც კი აღწევს. ფრონტის ხაზის წინ რაც უფრო შორს არის ღრუბლები, მით უფრო მაღალი და თხელია ისინი.

ცივი ფრონტი თბილი ჰაერისკენ მოძრაობს. ამასთან ერთად ცივი ჰაერი თბილი ჰაერის ქვეშ იფინება. ცივი ფრონტის ქვედა ნაწილი დედამიწის ზედაპირთან ხახუნის გამო ჩამორჩება ზედა ნაწილს, ამიტომ ფრონტის ზედაპირი წინ არის გამოწეული.

atmosferuli grigalebi

ციკლონებისა და ანტიციკლონების წარმოქმნა და გადაადგილება იწვევს ჰაერის მასების გადატანას მნიშვნელოვან მანძილებზე და, შესაბამისად, ამინდის არაპერიოდულ ცვლილებებს, რომლებსაც განაპირობებს ქარის მიმართულებებისა და სიჩქარეების ცვლა, ღრუბლიანობის და ნალექების ზრდა ან შემცირება. ციკლონებსა და ანტიციკლონებში ჰაერი გადაადგილდება ატმოსფერული წნევის შემცირების მიმართულებით და გადაიხრება სხვადასხვა ძალების: ცენტრიდანული, კორიოლისის, ხახუნის და სხვა ძალების  ზემოქმედებით. ამის შედეგად ციკლონებში ქარი მიმართულია მისი ცენტრისკენ და ბრუნავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში საათის ისრის მიმართულებით, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. ანტიციკლონებში კი პირიქით, მოძრაობს ცენტრიდან და საწინააღმდეგოდ მიმართული ბრუნვით.

ციკლონი არის უზარმაზარი (ასეულებიდან 2-3 ათას კილომეტრამდე) დიამეტრის ატმოსფერული გრიგალი ცენტრში დაბალი ატმოსფერული წნევით. არსებობს ტროპიკებსგარე და ტროპიკული ციკლონები.

ტროპიკულ ციკლონს (ტაიფუნს) განსაკუთრებული თვისებები აქვს და უფრო იშვიათად წარმოიქმნება. მისი წარმოქმნა ხდება ტროპიკულ განედებში (თითოეული ნახევარსფეროს 5°-დან 30°-დე), შედარებით მცირე ზომები (ასეულები, უფრო იშვიათად ათას კილომეტრზე მეტი), მაგრამ დიდი ბარომეტრული გრადიენტი და ქარის სიჩქარე აქვს, რომელიც გრიგალის სიჩქარეს შეიძლება აღწევდეს. ასეთი ციკლონებისთვის დამახასიათებელია „ქარიშხლის თვალი“ – 20-30 კმ დიამეტრის ცენტრალური არე შედარებით მზიანი და უქარო ამინდით. მის გარშემო ერთიანად თავმოყრილია გროვა-წვიმის მძლავრი ღრუბლები უძლიერესი წვიმით. ტროპიკულ ციკლონებს განვითარების პროცესში შეუძლია ტროპიკებსგარე ციკლონებად გადაიქცეს. ტროპიკებსგარე ციკლონები, ძირითადად, იმ ატმოსფერულ ფრონტებზე წარმოიქმნება, რომლებიც, ყველაზე ხშირად, სუბპოლარულ რაიონებშია განლაგებული და ხელს უწყობს ამინდის მნიშვნელოვან ცვლილებებს. ციკლონებისთვის დამახასიათებელია ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი, მათთან არის დაკავშირებული ნალექების უმეტესობა ზომიერ ზონაში. ტროპიკებსგარე ციკლონების ცენტრში ყველაზე ინტენსიური ნალექები და ყველაზე ხშირი ღრუბლიანობაა.

ანტიციკლონი მაღალი ატმოსფერული წნევის არეა. ჩვეულებრივ, ანტიციკლონის ამინდი მზიანი და ნაკლებად ღრუბლიანია.

ამინდისთვის ასევე მნიშვნელოვანია მცირე მასშტაბის მქონე გრიგალები (სმერჩი, ტრომბი, ტორნადო).

amindis Seswavla

„მეტეოროლოგია (ბერძ. metéōros - ზევით ასული, ზეცისა, metéōra  – ატმოსფერული და ციური მოვლენები და ... ლოგია), მეცნიერება ატმოსფეროსა და მასში მიდინარე პროცესების შესახებ“

ატმოსფეროს ფიზიკა - მეტეოროლოგიის ძირითადი ნაწილი, რომელიც იკვლევს ატმოსფეროში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებსა და პროცესებს.

სინოპტიკური მეტეოროლოგია - მეცნიერება ამინდისა და მისი წინასწარ განჭვრეტის შესახებ. ამინდის პროგნოზი „ამინდის მოსალოდნელი ცვლილებების მეცნიერულად დასაბუთებული წინასწარმეტყველება, რომელიც შედგენილია ფართო მასშტაბური ატმოსფერული პროცესების განვითარების ანალიზის საფუძველზე“.

ატმოსფეროს ქიმია - სწავლობს ატმოსფეროში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს.

დინამიკური მეტეოროლოგია - ატმოსფერულ პროცესებს შეისწავლის ჰიდროაერომექანიკის თეორიული მეთოდებით.

ბიომეტეოროლოგია - შეისწავლის ატმოსფერული პროცესების ზეგავლენას ბიოლოგიური პროცესებზე.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია - ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურების საქმიანობის კოორდინირებას.

meteorologiuri informacia

შესაძლოა ორი სახლის მეტეოროლოგიური ინფორმაციის გამოყოფა:

პირველადი ინფორმაცია მიმდინარე ამინდის შესახებ, რომელიც მიიღება მეტეოროლოგიური დაკვირვებების საფუძველზე.

ინფორმაცია ამინდის შესახებ სხვადასხვაგვარი მონაცემების, სინოპტიკური რიკების, აეროლოგიური დიაგრამების, ვერტიკალური ჭრილების, ღრუბლიანობის როკებისა და სხვათა საფუძველზე.

ამინდის პროგნოზის წარმატება დიდ წილად პირველადი მეტეოროლოგიური ინფორმაციის ხარისხზეა დამოკიდებული.

მეტეოროლოგიური ინფორმაციის მთავარი მომხმარებლებია ავიაცია და საზღვაო ფლოტი (საწყლოსნო ტრანსპორტი). ამინდის პირობებზე და კლიმატზე ასევე დიდად არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობა. პროდუქტიულობაზე დიდ გავლენას ახდენს ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობა, ნალექების, სინათლის, სითბოს რაოდენობა. XIX საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა მეტეოროლოგიის დამოუკიდებელი დარგი – აგრომეტეოროლოგია. კლიმატის შესახებ მონაცემები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ნაგებობების – შენობების, აეროდრომების, რკინიგზის, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვათა პროექტირებისა და ექსპლუატაციის დროს.

meteorologiur dakvirvebaTa organizeba

რუსეთში მეტეოროლოგიური (სხვადასხვა თანრიგისა და დაკვირვების სხვადასხვა პროგრამების მქონე) სადგურების, მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური საგუშაგოების ფართო ქსელი არსებობს. დიდ როლს თამაშობს დაკვირვებები, რომლებიც წარმოებს მეტეოროლოგიური რადიოლოკატორებისა (ლოკატორის მდებარეობიდან 250 კილომეტრამდე რადიუსში ღრუბლიანობის ფენების, ნალექებისა და ჭექა-ქუხილების ინტენსივობის სივრცული გამოსახულებები) და დედამიწის მეტეოროლოგიური ხელოვნური თანამგზავრების (ღრუბლიანობის სატელევიზიო გადაღებები სხვადასხვა ტალღის სიგრძეების დიაპაზონში, ატმოსფეროში ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის ვერტიკალური პროფილები) მეშვეობით. სპეციალური აეროლოგიური სადგურების ქსელებზე წარმოებს აეროლოგიური დაკვირვებები მეტეოროლოგიური და გეოფიზიკური რაკეტების დახმარებით. ზღვებსა და ოკეანეებზე დაკვირვება წარმოებს სპეციალურად ამ მიზნისთვის აღჭურვილი გემებით.

sinoptikuri rukebi

სინოპტიკური რუკა (ბერძნულად – συνοπτικός, „ერთდროულად თვალმისწავდომი“) არის გეოგრაფიული რუკა, რომელზედაც პირობითი ნიშნებით არის დატანილი მრავალი მეტეოროლოგიური სადგურის დაკვირვების მონაცემები. ასეთი რუკა თვალსაჩინო წარმოდგენას ქმნის მოცემულ მომენტში ამინდის მდგომარეობაზე. რუკების თანამიმდევრულად შედგენისას არკვევენ ჰაერის მასების მოძრაობის მიმართულებას, ციკლონების განვითარებას, ფრონტების გადაადგილებას.  სინოპტიკური რუკების ანალიზი გვაძლევს ამინდის შეცვლის წინასწარი განჭვრეტის საშუალებას. შესაძლებელია თვალყური მივადევნოთ ატმოსფეროს მდგომარეობას, კერძოდ, ატმოსფერული დარღვევების გადაადგილებასა და ევოლუციას, ჰაერის მასების გადაადგილებას, გარდაქმნასა და ურთიერთქმედებას და სხვას. მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სახმელეთო სინოპტიკური ინფორმაცია შევსებული იქნა აეროლოგიური დაკვირვებების შედეგებით, რომელთა საფუძველზე რეგულარულად მზადდება თავისუფალი ატმოსფეროს მდგომარეობის რუკები ე.წ. ბარომეტრული ტოპოგრაფიული რუკები. მე-20 საუკუნის ბოლოდან ასევე ფართოდ გამოიყენება თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაცია იმ ოკეანეებისა და ხმელეთის ნაწილის მდგომარეობის შესახებ, სადაც არ არის მეტეოროლოგიური სადგურები. თანამგზავრებიდან ღრუბელთა სისტემების ფოტოგრაფირება საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ ოკეანეებზე ტროპიკული ციკლონების წარმოქმნის დასაწყისი.

amindis Seswavla sxva planetebze

ამინდი არსებობს არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ სხვა ციურ სხეულებზეც (პლანეტებსა და მათ თანამგზავრებზე), რომლებსაც აქვთ ატმოსფერო. სხვა პლანეტების ამინდის შესწავლა სასარგებლო გახდა დედამიწაზე ამინდის შეცვლის პრინციპების გასაგებად. მზის სისტემაში კვლევის ცნობილი ობიექტი – იუპიტერის დიდი წითელი ლაქა ანტიციკლონური შტორმია, რომელიც არსებობს, ყველაზე ნაკლები, ბოლო 300 წლის განმავლობაში. თუმცა ამინდი არ შემოიფარგლება პლანეტარული სხეულებით. მზის გვირგვინი მუდმივად განილევა კოსმოსში და, არსებითად, ძალიან თხელ ატმოსფეროს ქმნის მზის მთელ სისტემაში. მზისგან გამოსხივებული ნაწილაკების მოძრაობას მზის ქარს უწოდებენ.

meteorologiuri elementebi

ატმოსფერული მოვლენები დედამიწის ჰაერის გარსში ატმოსფეროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური პროცესების ხილული გამოხატვა:

ატმოსფერული ნალექები (წვიმა, თოვლი, სეტყვა);

ნისლი;
ქარბუქი;
ჭექა-ქუხილი;

სიდიდეები, რომლებიც განსაზღვრავენ „ექვივალენტურ კომფორტულ ტემპერატურას“:

ატმოსფერული წნევა;
ჰაერის ტემპერატურა;
ჰაერის ტენიანობა;
ქარის სიჩქარე და მიმართულება.

ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი სიდიდეები:

ხილვადობის მანძილი;
ატმოსფერული ტურბულენტობა;
მოყინვის შესაძლებლობა;
მზის რადიაცია;
ღრუბლიანობა, მზის ნათების ხანგრძლივობა;
შტორმის შესაძლებლობა (ზღვაზე, მსხვილ ტბაზე).

amindis prognozi

ამინდის პროგნოზი არის მეცნიერულად და ტექნიკურად დასაბუთებული ვარაუდი მომავალში გარკვეულ ადგილზე ატმოსფეროს მდგომარეობის შესახებ. ადამიანები ათასწლეულების მანძილზე ცდილობდნენ ამინდის წინასწარ განჭვრეტას, მაგრამ ოფიციალური პროგნოზები მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა. ამინდის პროგნოზის შესადგენად გროვდება რაოდენობრივი მონაცემები ატმოსფეროს მიმდინარე მდგომარეობის შესახებ და ატმოსფერული პროცესების მეცნიერული გაგების დახმარებით იგეგმება, თუ როგორ შეიცვლება ატმოსფეროს მდგომარეობა.

თუკი წინათ პროგნოზები, ძირითადად, ატმოსფერული წნევის ცვლილებებს, მიმდინარე ამინდის პირობებს და ზეცის მდგომარეობას ეყრდნობოდა,  ამჟამად მომავალი ამინდის განსაზღვრისთვის გამოიყენება პროგნოზირების მოდელები. ადამიანის მონაწილეობა აუცილებელია პროგნოზირების ყველაზე უფრო შესაფერისი მოდელის ასარჩევად, რომელსაც შემდგომ დაეყრდნობა პროგნოზი. ამაში შედის მოდელის შაბლონის არჩევის უნარი, შორეული მოვლენების ურთიერთკავშირის გათვალისწინება, არჩეული მოდელის მუშაობისა და თავისებურებების პრინციპების ცოდნა. ატმოსფეროს რთული ბუნება, ატმოსფეროს აღმწერი განტოლებების ამოსახსნელად მძლავრი გამოთვლითი ტექნიკის აუცილებლობა, საწყისი პირობების გაზომვისას ცდომილებების არსებობა და ატმოსფერული პროცესების არასრული ცოდნა ამცირებს პროგნოზის სიზუსტეს. რაც უფრო დიდი დროა აწმყოსა და იმ დროს შორის, რომლის პროგნოზიც კეთდება (პროგნოზის დიაპაზონი), მით ნაკლებია სიზუსტე. რამდენიმე მოდელის გამოყენება და მათი მიყვანა ერთ შედეგამდე გვეხმარება ცდომილების შემცირებასა და ყველაზე მეტი ალბათობის მქონე შედეგის მიღებაში.

ძალიან ბევრნი სარგებლობენ ამინდის პროგნოზებით. მნიშვნელოვანი პროგნოზებია გაფრთხილებები შტორმის შესახებ, რადგან ისინი გამოიყენება სიცოცხლისა და ქონების დასაცავად. ტემპერატურისა და ნალექების პროგნოზები მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის და, აქედან გამომდინარე, საფონდო ბირჟების ტრეიდერებისთვისაც. უფრო მეტიც, არსებობს ე.წ. ამინდისგან წარმოებული ფინანსური ხელსაწყოებიც კი. ტემპერატურული პროგნოზები სჭირდებათ სითბურ ქსელებსაც უახლოეს დღეებში აუცილებელი სითბური ენერგიის შესაფასებლად. ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ ამინდის პროგნოზს იმის გადასაწყვეტად, თუ როგორი ტანსაცმელი ჩაიცვან ამ დღეს. წვიმის, თოვლისა და ძლიერი ქარის პროგნოზები გამოიყენება სუფთა ჰაერზე მუშაობისა და დასვენების დასაგეგმავად.

ამჟამად არსებობს გრიდ-პროექტი ClimatePrediction.net, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილებების ყველაზე ადექვატური მოდელის ძიება და მის საფუძველზე უახლოესი 50 წლის პროგნოზის შემუშავება.

adamianebze zemoqmedeba

ამინდი ძალიან დიდ, ზოგჯერ კი გადამწყვეტ როლს თამაშობს კაცობრიობის ისტორიაში. კლიმატის ცვლილებების გარდა, რაც ხალხების თანდათანობით მიგრაციას განაპირობებდა (მაგალითად, ახლი აღმოსავლეთის გაუდაბნოება და სახმელეთო ხიდების ფორმირება კონტინენტებს შორის გამყინვარების პერიოდებში), ამინდის ექსტრემალური მოვლენები იწვევდა ხალხების ნაკლებ მასშტაბურ გადაადგილებასაც და უშუალოდ მონაწილეობდა ისტორიულ მოვლენებში. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა კამიკაძე ქარიშხლის მიერ იაპონიის გადარჩენა მონღოლთა ყაენის ხუბილაის ფლოტის შეჭრისგან 1281 წელს. ფრანგების პრეტენზიას ფლორიდაზე წერტილი დაესვა 1656 წელს, როდესაც გრიგალმა გაანადგურა ფრანგების ფლოტი და ესპანელებს კაროლინის ფორტის დაპყრობის საშუალება მისცა. სულ ახლახან გრიგალმა კატრინამ ერთ მილიონზე მეტი ადამიანი აიძულა გადასახლებულიყო მექსიკის ყურის ცენტრალური სანაპიროდან აშშ-ში, რითაც შექმნა შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მსხვილი დიასპორა.

ამგვარი რადიკალური გავლენის გარდა ამინდს შეუძლია უფრო მარტივი ხერხებითაც მოახდინოს გავლენა ადამიანებზე. ადამიანები ცუდად იტანენ ტემპერატურის, ტენიანობის, წნევისა და ქარის ექსტრემალურ მნიშვნელობებს. ამინდი განწყობასა და ძილზეც მოქმედებს.

amindis cvlileba

ადამიანი ყოველთვის, კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდა ზემოქმედება მოეხდინა მეტეოროლოგიურ მოვლენებზე: დაწყებული უძველესი რიტუალური წეს-ჩვეულებებიდან, რომლებსაც ატარებდნენ წვიმის მოსაზიდად, და დამთავრებული თანამედროვეობის სპეციალური სამხედრო ოპერაციებით, ისეთებით, როგორიც იყო ვიეტნამის ომის დროს (1965-1973) ამერიკის სამხედრო ძალების ოპერაცია „Popeye“, რომელიც წარმოადგენდა სამხრეთ ვიეტნამელი პარტიზანების იარაღით და სურსათით მომარაგებისთვის ხელის შეშლის მცდელობას ვიეტნამის მუსონის მოქმედების პერიოდის გახანგრძლივების გზით. ამინდზე ზემოქმედების ყველაზე წარმატებული მცდელობებში შედის რეაგენტების შეტანა ღრუბლებში (ინგლისურად Cloud seeding), აქტიური ზემოქმედება ნისლსა და ფენა ღრუბლებზე მათი გაფანტვის მიზნით, რომელსაც მსხვილი აეროპორტები იყენებენ, მთებზე თოვლის სახით ნალექების გაზრდისა და სეტყვის სახით ნალექების შემცირების ტექნიკები.

ჰიდრომეტეოროლოგიურ პროცესებზე ზემოქმედების სულ ახალი მაგალითია ღონისძიებები, რომლებიც განახორციელა ჩინეთმა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის. გაშვებულ იქნა 1104 რაკეტა, რომელთა დახმარებით წარმოებდა ღრუბლებში სპეციალური რეაგენტების შეტანა. რაკეტების გაშვება განხორციელდა პეკინის თავზე. მისი მიზანი იყო 8 აგვისტოს, თამაშების გახსნის ცერემონიის დროს თავიდან აეცილებინათ წვიმა. პეკინის საქალაქო მეტეოროლოგიური ბიუროს უფროსმა ჰუ გუომ დაადასტურა ოპერაციის წარმატებით ჩატარება.

იმ დროს, როდესაც ამინდზე ზემოქმედების მსგავსი მეთოდების ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადასტურებული, არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ ამინდზე გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობა და წარმოება:

მჟავე წვიმები, რომლებიც გამოწვეულია ატმოსფეროში გოგირდის ოქსიდისა და აზოტის ოქსიდის მოხვედრით, დამღუპველად მოქმედებს ტბებზე, მცენარეებზე, შენობებზე;

წარმოების ნარჩენები (ინგლისურად Human impact on the environment) აუარესებს ჰაერის ხარისხსა და გამჭვირვალობას;

ითვლება, რომ კლიმატის ცვლილება, გამოწვეული პროცესებით, რომელთა შედეგად ჰაერში გამოიყოფა სათბურის აირები, გავლენას ახდენს ისეთი არაკეთილსასურველი მოვლენების (ინგლ. Extreme weather) წარმოქმნას, როგორებიც არის გვალვა, ექსტრემალური ტემპერატურები, წყალდიდობა, შტორმული ქარები და ქარიშხლები.

მსხვილი ქალაქების კონგლომერატების მიერ წარმოებული სითბოს რაოდენობა რეგიონში 1000 მილის მანძილზეც კი დაუყოვნებლივ ზემოქმედებს ამინდზე.

ამინდის პირობების წინასწარი განზრახულობის გარეშე შეცვლის ეფექტები, შესაძლოა, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს ჩვენი ცივილიზაციის მრავალი კომპონენტისთვის ეკოსისტემების, ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანის ჯანმრთელობის ჩათვლით.

mcire masStabebis meteorologia

მიკრომეტეოროლოგიას, რომელიც განიხილავს როგორც დროში, ასევე სივრცეში მცირე და უმცირესი მასშტაბების მეტეოროლოგიურ მოვლენებს, საქმე აქვს ერთ კილომეტრზე ნაკლებ ფართობზე მიმდინარე ატმოსფერულ მოვლენებთან, ანუ ისეთ მოვლენებთან, რომლებსაც არ განიხილავს საშუალო მასშტაბების მეტეოროლოგია (ინგლისურად Mesoscale meteorology). მეტეოროლოგიის ამ ორ შტოს ზოგჯერ აერთიანებენ და მასში მოიაზრებენ ისეთი ობიექტების შესწავლას, რომელთა მასშტაბები ნაკლებია იმ ობიექტების მასშტაბებზე, რომელთაც განიხილავს სინოპტიკური მეტეოროლოგია (ინგლისურად Synoptic scale meteorology) და რომლებიც ვერ აისახება სინოპტიკურ რუკაზე. მათ შეგვიძლია მივაკუთვნოთ მცირე და ჩვეულებრივ ცთომილი ღრუბლები და მათი მსგავსი ობიექტები.

amindi sxva planetebze

სხვა პლანეტების ამინდის თავისებურებების შესწავლა ხელს უწყობს დედამიწაზე მიმდინარე პროცესების უფრო საფუძვლიან გაგებას. სხვა პლანეტებზე ამინდის პირობები ემორჩილება ბევრ ისეთ ფიზიკურ კანონზომიერებას, რომელიც დედამიწის ამინდს ახასიათებს, მაგრამ მათ მიმდინარეობს სხვა მასშტაბებით და ისეთ ატმოსფეროებში, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროსგან განსხვავდება ქიმიური შემადგენლობით. კასინი-ჰიუგენსის მისიამ, რომელიც ტიტანზე იყო გაგზავნილი, თანამგზავრზე ღრუბლები აღმოაჩინა. ისინი მეთანისგან ან ეთანისგან იყო წარმოქმნილი და მათგან მოსული წვიმა თხევადი მეთანისა და სხვა ორგანული კომპონენტებისგან შედგებოდა. დედამიწის ატმოსფერო შედგება განედების მიხედვით ცირკულაციის ექვსი ზონისგან, თითოეულ ნახევარსფეროში სამი ზონაა. დედამიწისგან განსხვავებით იუპიტერი გარშემორტყმულია მრავალი ასეთი ზონით. ტიტანს კი აქვს მხოლოდ ერთი ნაკადი ჩრდილოეთ განედის 50-ე პარალელის მახლობლად და ერთიც ეკვატორთან ახლოს.

amindis rekordebi

ამინდის რეკორდები ექსტრემალური მეტეოროლოგიური მაჩვენებლებია, რომლებიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული დედამიწის ზედაპირზე. მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირებულია 1983 წლის 21 ივლისს სადგურ ვოსტოკზე, ანტარქტიდაში -89,2°C. ყველაზე ცხელი კი დაფიქსირებულია 1922 წლის 13 სექტემბერს ალ-აზიზაიში, ლიბანში. ამ დროს იქ თერმომეტრის სვეტი ავიდა 58°C ნიშნულზე; თუმცა, ეს მნიშვნელობა დღემდე საკამათოა.


ixileT aseve